ჟურნალის შესახებ

ISSN 2346-7827

ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი (IES at TSU), რომელიც 2007 წელს TACIS პროექტის ფარგლებში  ევროკავშირის მხარდაჭერით დაარსდა, გასული წლების განმავლობაში აღმოსავლეთის პარტნიორობის რეგიონში ევროპისმცოდნეობის სფეროში ერთ-ერთ წამყვან ცენტრად იქცა. ინსტიტუტის დაარსების ინიციატივის ფარგლებში რეგიონში პირველი ინტერდისციპლინური, საფაკულტეტთაშორისო და სრულად ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამის დანერგვა ევროკავშირსა და თსუ-ის შორის გაფორმებული საერთაშორისო ხელშეკრულების მეშვეობით განხორციელდა. ამ ძალისხმევაში ჩართული იყო დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმი: გრენობლის პიერ მენდესის საფრანგეთის უნივერსიტეტის (საფრანგეთი), ინსბრუკის საზოგადოებრივი რეფორმების ცენტრის (ავსტრია) და ათენის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა პანტეიონის უნივერსიტეტის (საბერძნეთი) მათ აკადემიურ პერსონალთან უშუალო თანამშრომლობით. პარტნიორებმა გადამწყვეტი როლი ითამაშეს სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და სწავლის მეთოდების დანერგვაში, რამაც ევროპული კვლევების სამაგისტრო პროგრამას (MAES) ბოლონიის პროცესის შესაბამისად  ევროპული ხარისხის სტანდარტების დაკმაყოფილების საშუალება მისცა. პროექტი დასრულდა 2010 წელს, ხოლო პირველი აკრედიტაცია სამაგისტრო პროგრამამ 2011 წელს გაიარა. 
ინსტიტუტი მალევე ჩამოყალიბდა ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებით დაინტერესებული აკადემიური პერსონალისა და უშუალოდ ამ პოლიტიკის შემუშვების პროცესში ჩართული ექსპერტებისა თუ საჯარო მოხელეების თანამშრომლობის  ცენტრად, რამაც საფუძველი ჩაუყარა მის შემდგომ განვითარებას.  ეს გამოიხატა კვლევითი საქმიანობის გაფართოებასა და ევროპისმცოდნეობის მიმართულებაში პირველი ინტერდისციპლინარული, სტრუქტურირებული და სრულად ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის წარმატებულ შემუშავება-აკრედიტებაში, რომელიც შესაძლებელი გახდა ევროკავშირის ENPI პროექტის ფარგლებში: „ევროპისმცოდნეობის ინტერდისციპლინარული სადოქტორო პროგრამის დაარსება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში“. სადოქტორო პროგრამის დაარსებაში მონაწილეობა მიიღეს ევროპის უნივერსიტეტების ექსპერტებმა, მათ შორის, დუბლინის თრინიტის კოლეჯიდან, ლიუბლიანას უნივერსიტეტიდან, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტიდან, ლონდონის ეკონომიკის სკოლიდან და  გრაცის უნივერსიტეტიდან.
2014 წელს დოქტორანტურის პროგრამის დაფუძნებისა და წარმატებული აკრედიტაციის შემდეგ, ევროპული კვლევების ინსტიტუტში დაარსდა ინტერდისციპლინური სამეცნიერო გამოცემა - “ევროპისმცოდნეობის ქართული ჟურნალი”, რომლის პირველი ნომერი 2015 წელს გამოიცა (ISSN 2346-7827). ორენოვანმა სამეცნიერო ჟურნალმა კიდევ უფრო განამტკიცა თსუ ევროპული კვლევების ინსტიტუტის, როგორც მიმართულების წამყვანი ცენტრის როლი, რომელმაც  მკვლევარებს შესთავაზა ბილინგვური პლატფორმა სამეცნიერო დისკურსისთვის.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტი (IES), როგორც  კონცეპტუალურად მის ოთხ ფაკულტეტზე - სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნესის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე დაფუძნებული სასწავლო-სამეცნიერო კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს  საერთაშორისო აკადემიურ წრეებთან, რამაც აკადემიური განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების საშუალება მისცა.