ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის გამოწვევები
ანოტაცია
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ადგილზე შექმნილი ახალი რეალობის საპასუხოდ, ევროკავშირმა შეიმუშავა არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკა. აღნიშნული პრაქტიკულად დაემთხვა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს მთავრობის მიერ ასევე ახალი პოლიტიკის „ჩართულობა თანამშრომლობის გზით“ შემუშავებასა და ამოქმედებას. ამ ნაშრომის მიზანია ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის პოლიტიკის მთავარი პრინციპების განხილვა და მათი ურთიერთ-შესაბამისობის განსაზღვრა. ნაშრომი ამტკიცებს, რომ მიუხედავად მრავალი მსგავსი ელემენტებისა, მნიშვნელოვანი განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ევროკავშირი ცდილობს ნეიტრალური აქტორის როლის მორგებას და შედეგად, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის შენიღბვას, მაშინ როდესაც, ხელშესახები შედეგების მისაღწევად, საქართველოს მთავრობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის თვალნათლივ ჩვენება, რომ ევროკავშირთან დაახლოების გზა მხოლოდ დანარჩენ საქართველოსთან ურთიერთობების შედეგად არის შესაძლებელი. ნაშრომი აანალიზებს, თუ რა შედეგები შეიძლება მოიტანოს ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის საქართველოს მთავრობის პოლიტიკისგან დამოუკიდებლად განხორციელებამ.