უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, როგორც პატიმრების რეაბილიტაციის საშუალება: საქართველოს შემთხვევის ანალიზი
საკვანძო სიტყვები:
უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა, რეაბილიტაცია, მსჯავრდებულები, ციხეები, საქართველო.ანოტაცია
უმაღლესი განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის განვითარებაში და ზრდის მისი დასაქმების შესაძლებლობას. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს პატიმრების უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობით უზრუნველყოფა, რამდენადაც ისინი ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს წარმოადგენენ და მათ რეაბილიტაციას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რათა თავიდან იქნას აცილებული რეციდივიზმი, წახალისდეს მათი სრული რესოციალიზაცია და გაძლიერდეს დასაქმების შანსები. წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს შეისწავლოს ქართული კანონმდებლობის შესაბამისობა პატიმრების უმაღლესი განათლების მიღების უფლების საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან, აგრეთვე, გაანალიზოს ამ კუთხით საქართველოს ციხეებში არსებული პრაქტიკა და გამოწვევები. თვისებრივი კვლევის, ასევე, წამყვანი საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ანგარიშებზე დაყრდნობით, კვლევა გამოკვეთს, რომ მსჯავრდებულთა უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობა არსებით საჭიროებას წარმოადგენს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს უმაღლესი განათლების უზრუნველყოფის ზოგიერთ ასპექტს, მისი ხელმისაწვდომობა ვრცელდება მხოლოდ გარკვეული ტიპის დაწესებულებებში განთავსებულ პატიმრებზე. უფრო მეტიც, მცირეა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ პატიმართა რაოდენობა, რაც პრაქტიკული მექანიზმების არაეფექტურობაზე მიუთითებს. კვლევა, ასევე, ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს მიერ უმაღლესი განათლებისთვის გამოყოფილ ბიუჯეტთან შედარებით პატიმართა განათლებისთვის გამოყოფილი სახსრები არსებითად მწირია, რაც არასაკმარისია ხარისხიანი საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად. კვლევის შედეგად გაანალიზდა ეროვნული საკანონმდებლო ბაზა საერთაშორისო სტანდარტებისა და ვალდებულებების პერსპექტივიდან, რაც მიზნად ისახავდა სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის გამოკვეთას.