საქმე C–402 და 415/05 ფ იასსინ აბდულლაჰ კადი და საერთაშორისო ფონდი ალ ბარაქაათ საბჭოსა და კომისიის წინააღმდეგ
ანოტაცია
ევროკავშირმა გაატარა რიგი საკანონმდებლო ღონისძიებები და მიიღო გარკვეული რეგულაციები, რაც მიზნად ისახავდა გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების, მათ შორის 1267–ე რეზოლუციის (1999) იმპლემენტაციას. გაეროს აღნიშნული რეზოლუციები მიღებული იქნა ამერიკის შეერთებულ შტატებზე 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების ფონზე და ყველა სახელმწიფოსგან მოითხოვდა ფონდებისა თუ სხვა ფინანსური რესურსების გაყინვას იმ ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდებოდნენ თალიბანის მხრიდან, ასოცირებულნი იყვნენ ოსამა ბინ ლადენთან ან ალ–ქაედას ქსელთან. აღნიშნული რეზოლუციების იმპლემენტაციის მიზნით გაერომ შექმნა ე.წ. სანქციების კომიტეტი. მოსარჩელეები იმათ შორის აღმოჩნდნენ, ვინც გაეროს სიის თანახმად მიჩნეულები იქნენ ოსამა ბინ ლადენთან და ალ ქაედასთან კავშირში მყოფ პირებად, რის გამოც მათი სახელები ევროკავშირის სიებშიც აისახა. 2001 წელს კადიმ, იუსუფთან და ალ ბარაქაათ საერთაშორისო ფონდთან ერთად შეიტანა სარჩელი, ევროკავშირის პირველი ინსტანციის სასამართლოში (ამჟამად საერთო სასამართლო) და მოითხოვა გაებათილებინათ ევროკავშირის ის აქტები, რომლებმაც მათი სანქციების რეჟიმში მოქცევა მოახდინეს. მოსარჩელეების აღნიშნავდნენ, რომ სადავო ევროკავშირის რეგულაციები არღვევდნენ მათ ფუნდამენტურ უფლებებს, კერძოდ, მათ საკუთრების უფლებას და სამართლიანი სასამართლოს უფლებას იქედან გამომდინარე, რომ მათ ყოველგვარი სასამართლო განხილვისა და ბრალდებისაგან თავის დაცვის გარეშე დააკისრეს ძალინ მძიმე სამოქალაქო და სისხლის სამართლებრივი სანქციები. მოსარჩელეები აცხადებდნენ, რომ მათ არ აცნობეს, თუ რატომ დააკისრეს სანქციები და ამასთან, შესაძლებლობაც არ მისცეს ახსნა–განმარტებები გაეკეთებინათ, ან თავი ემართლებინათ. პირველი ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა რა მათი მოთხოვნა გაბათილებულიყო ევროკავშირის მიერ გატარებული ღონისძიებები, აღნიშნა, რომ სასამართლოს არაპირდაპირაც კი არ გააჩნდა უფლებამოსილება და იურისდიქცია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხილვისთვის, გარდა იმ შემთხვევისა, თუ jus cogens–ის დარღვევასთან არ გვექნებოდა საქმე. მართლმსაჯულების მოსაზრებით კი, ამ შემთხვევაში jus cogens–ის დარღვევა სახეზე არ იყო (იხ. T- 315/01 პარა. 192-208; 221-225; T-306/01 პარა. 242-258; 277-283). მოსარჩელეებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის მართლმსაჯუ- ლების სასამართლოში გაასაჩივრეს, სადაც სასამართლომ რადიკალურად სხვა მიდგომა აირჩია.