ეფექტური ტრადიციული და ინოვაციური პედაგოგიური მეთოდების ინტეგრირების სტრატეგია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროპისცოდნეობის ჟან მონეს საბაკალავრო პროგრამის შემუშავების პროცესში (აბსტრაქტი)
საკვანძო სიტყვები:
ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამა, პროგრამის შემუშავება, აკრედიტაცია, ინოვაციური და ეფექტური პედაგოგიური მეთოდების ინკორპორაცია კურიკულუმშიანოტაცია
სტატია განიხილავს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტში ევროპისმცოდნეობის ახალი საბაკალავრო პროგრამის შემუშავების კონტექსტს და ამ პროცესის რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვან ასპექტს, მათ შორის, კურიკულუმში ეფექტური სწავლა-სწავლების მეთოდების ინტეგრაციას. ინიციატივა დაფინანსებული იყო ევროკავშირის მიერ, ერასმუს+ ჟან მონეს პროექტის ‘EUStBA’ ფარგლებში. ამ მხარდაჭერას პროექტის იმპლემენტაციის სხვადასხვა ფაზის პერიოდში ქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გასაზრდელად, რამაც ექსპერტთა შორის მოსაზრებების გაცვლის საკმაოდ საინტერესო დინამიკა შექმნა. გაწეულმა ძალისხმევამ რეალური გახადა ევროპისმოდნეობის პროგრამის უმაღლესი განათლების სამივე საფეხურზე განხორციელების შესაძლებლობა, რაც სწრაფადვე იქნა აღქმული ინსტიტუციური განვითარებისა და მდგრადობის გაზრდისკენ მიმართულ სტრატეგიად. საბოლოო ჯამში, პროექტმა არა მხოლოდ ახალი საბაკალავრო პროგრამის შემუშავებასა და აკრედიტაციას შეუწყო ხელი, არამედ პოზიტიური ზეგავლენა მოახდინა ინსტიტუტის სხვა ‘მონათესავე’აქტივობებზე. ამგვარი სინერგიის საუკეთესო მაგალითია პარალელურ რეჟიმში ევროპისმცოდნეობის სამაგისტრო პროგრამის სავალდებული რეაკრედიტაციის პროცესის დაგეგმვა და განხორციელება, რამაც, თავის მხრივ, ევროკავშირის პარტნიორ უნივერსიტეტებთან ორი ორმაგი ხარისხის პროგრამის მოლაპარაკების პროცესის წარმატებით დასრულება გახადა შესაძლებელი. შედეგად, ლიეტუვის ვილნიუსის უნივერსიტეტთან ამუშავდა ორმაგი ხარისხის პროგრამა „ევროპისმცოდნეობასა და ევროპულ სამართალში“, ხოლო ლატვიის ვიძემის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტთან ამოქმედდა ორმაგი ხარისხის სამაგისტრო პროგრამა „ევროპისმცოდნეობაში, სტრატეგიულ კომუნიკაციასა და მმართველობაში“.
პროექტის იმპლემენტაციის ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაზა იყო ევროპისმცოდნეობის ახალ საბაკალავრო პროგრამაში სწავლა-სწავლების ტრადიციული და ინოვაციური მეთოდების ეფექტური მიქსის ინკორპორაცია და ამ მიზნით თანმიმდევრული სტრატეგიის შემუშავება. ოთხი დისციპლინის პერსპექტივიდან ევროკავშირის შესწავლის ეფექტური მეთოდების კურიკულუმში ინკოროპორირება, მართლაც, საინტერესო გამოცდილება და იმავდროულად გამოწვევებით სავსე აკადემიური თავგადასავალი გამოდგა. თუმცა, აღნიშნული კომპონენტის სწორად აღსრულება ცალკე განყენებული მიზანი არ ყოფილა, რადგან სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიის სწორად დაგეგმვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმაპირობებლი ფაქტორი გახდა ევროპისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამის შემუშავების შემდეგ ინიცირებული აკრედიტაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის.