პრობლემაზე ორიენტირებული სწავლის მიდგომის დანერგვა აკადემიური წერის სწავლების პროცესში
საკვანძო სიტყვები:
აკადემიური წერა, პრობლემაზე დაფუძნებული სწავლა, პროცესზე ორიენტირებული წერა, თანამშრომლობითი წერა, პროდუქტზე ორიენტირებული წერაანოტაცია
წერა უმაღლეს საგანმანათლებლო სივრცეში ერთ-ერთი საბაზისო უნარია, რომელიც, ერთი მხრივ, მოიცავს რთულ კოგნიტურ პროცესს, ხოლო მეორე მხრივ, ეფუძნება პრაქტიკულ გამოცდილებას. ამრიგად, აკადემიური წერის სწავლება რთული ამოცანაა, რომელიც მოითხოვს ანალიზის, სინთეზის, შეფასების, კრიტიკული აზროვნების, ტექსტის სტრუქტურირების, სხვადასხვა ტიპის წერილობითი ტექსტის შექმნის, კვლევის, პასუხისმგებლობის, წერის პროცესის ეტაპებისა და დისციპლინის სპეციფიკის ასპექტების გათვალისწინებას. შესაბამისად, აკადემიური წერის კურსი და შესაბამისი სასწავლო პროცესი ისე უნდა დაიგეგმოს, რომ სტუდენტს ერთდროულად განუვითარდეს წერის, კვლევისა და კრიტიკული აზროვნების უნარები, გაიზარდოს მისი საგნობრივი კომპეტენცია და შეძლოს როგორც დამოუკიდებლად, ისე ჯგუფურად მუშაობა. ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, თუ აკადემიური წერის სწავლებისას დაინერგება შერეული მიდგომა და განიხილება როგორც პრობლემაზე ორიენტირებული სწავლის, ისე პროცესზე ორიენტირებული წერისა და თანამშრომლობითი სწავლების პრინციპები და სტრატეგიები. ნაშრომის მიზანია განიხილოს პრობლემაზე დაფუძნებული სწავლების მახასიათებლები და უპირატესობები აკადემიური წერის სწავლებისას. ნაშრომის მეორე ნაწილში განხილულია კონკრეტული დავალება და წარმოდგენილია დავალების შესრულების ეტაპები, გაანალიზებულია შესაბამისი სტრატეგიები და აქტივობები. შესაბამისად, ნაშრომს აქვს მეთოდოლოგიური ხასიათი და პრაქტიკული მნიშვნელობა.